пятница, 11 июня 2010 г.

იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი

,,ქუთაისის ქართული გიმნაზიას სამართლიანად უწოდებდნენ ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას. რუსეთის მთავრობის ბიუროკრატიული რეჟიმის ბატონობის დროს იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრე იყო. მისი ბრწყინვალე პედაგოგიური კოლექტივი არამარტო ქართველი ახალგაზრდობის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო, არამედ მთელი ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურული საქმიანობის მოწინავე რაზმი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყოველი მათგანი სასწავლებლის ფარგლებს გარეშე დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებდა: მოწინავე პრესაში მონაწილეობა, მხატვრული მწერლობა და პოეზია, სახალხო უნივერსიტეტი, წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა, თეატრი, ქართულ სახლმძღვანელოების და წიგნების გამომცემლობა, ეთნოგრაფიული მუზეუმი და მრავალი სხვა. ამიტომ იყო, რომ ცარიზმის მოხელეები ვერ ითმენდნენ ქართული გიმნაზიის ხელმძღვანელთა და პედაგოგთა საქმიანობას და ცდილობდნენ დაემცირებინათ და მოესპოთ ეს ეროვნულ-დემოკრატიული იდეების კერა. ქართული გიმნაზიის ხელმძღანელობა ყოველთვის ცდილობდა გაეძლიერებინა და შეევსო პედაგოგიური კოლექტივი ახალგაზრდა ძალებით, იწვევდა მასწავლებლებად ქართული გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეებს. ბევრი კარგი მასწავლებელი და საზოგადოებრივ-კულტურული მოღვაწე, ქართული, ეროვნული საქმისა და სკოლის თავდადებული მუშაკი იყო გიმნაზიაში ჩემი მასწავლებლობის დროს: ალ. ჯანელიძე, ვუკ.ბერიძე, ტრ.ხუნდაძე, ალ. თორაძე, ალ. წერეთელი, აკაკი ფაღავა, ი. კოსტავა, სიმონ შარაძენიძე, ნიკო და ალექსანდრე ჯაფარიძეები, წ. და ნოე სვანაძეები, შ.სანიკიძე, ზერ. ჩხიკვაძე, გიორგი ჭუბაბრია და სხვები.
სწავლება გიმნაზიაში
ქართული გიმნაზიის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა, რომ სიახლე შეეტანა სასწავლო პროცესში. ახალი, ზოგადსაგანმანათლებლო საგნების შემოღებით დიდი ყურადღება ექცეოდა ახალგაზრდობის ესთეტიკურ აღზრდას. კარგად იყო დაყენებული სიმებიანი და სასულე ორკესტრის მუშაობა, საგუნდო სიმღერები ლოტბარ მასწავლებლის, ნ. შარაბიძის ხელმძღვანელობით. გიმნაზიაში მოწვეული იყო ხატვის მასწავლებლად პაევსკი, რომლის ხელმძღვანელობით, ბევრი მოწაფე გატაცებით სწავლობდა ხატვას.
განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა ჰუმანიტარული დისციპლინების შესწავლას. ი.ოცხელის ინიციატივით და ხელმძღვანელობით გიმნაზიაში დაარსდა პატარა საკითხავი წიგნების გამომცემლობა. შეიქმნა მოწაფეთა წრე უფროსი კლასის მოსწავლეებისაგან, რომლებიც თავიანთი ძალებით აქვეყნებდნენ ხოლმე პატარ-პატარა პოპულარულ წიგნებს. ამ მოთხრობების ავტორებისა და მთარგმნელებისაგან ბევრი მწერალი და მწიგნობარი გახდა შემდგომში.
ქართული გიმნაზიის ბრწყინვალე პედაგოგიური კოლექტივიდან განსაკუთრებულად გამოირჩედნენ გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი და მისი თანაშემწე სილოვან ხუნდაძე.

იოსებ ოცხელი
დიდი ერუდიციისა და პედაგოგიური აღმზრდელის იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული - იოსებ ივანეს ძე ოცხელი 19 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ამ ეროვნული სულის სამჭედლოსა და მის ღირშესანიშნავ კოლექტივს। ე.მიქელაძე იგონებს:,,მე წილად მხვდა ბედნიერება 8 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ქართული გიმნაზიის მოსწავლე, განმეცადა და შთამებეჭდა მეხსიერებაში ყოველივე ის სიკეთე, რაც ასე უხვად ითესებოდა და ინერგებოდა ახალგაზრდობის გულში. Dდირექტორი იოსებ ოცხელი მათემატიკას გვასწავლიდა, მის მადლიან პედაგოგიურ უნარს შეეძლო ეს განყენებული საგანი ხორცშესხმულად აემეტყველებინა. გეომეტრიული თეორემის დამტკიცებისას ეს ხაზები, ნაკვეთები, ფართობები და წერტილები სულს ჩაიდგამდნენ, ამოძრავდებოდნენ. რაც უნდა რთული ყოფილიყო თეორემა, ხელოვანი მასწავლებლის ხელში იგი ყველასათვის ადვილი მისაწვდომი ხდებოდა. ი.ოცხელი იშვიათი პედაგოგი-აღმზრდელი იყო. მას არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა, მოსწავლე-ახალგაზრდობაში საუკეთესო მიზნები დაესახა, ჩაენერგა საკუთარი თავისადმი ღრმა რწმენა და მიეცა იმედი იმისა, რომ ცხოვრებაში გზას გაიკაფავდნენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ, მიუხედავად მორიდებისა, ჩვენ ვახერხებდით მასთან ახლოს ყოფნას. მისი ღრმად შთამბეჭდავი თხრობა და დარიგება მომავლის პერსპექტივის და ზნეობრივი ქცევის განმტკიცების ძალას წარმოადგენდა. მისი ყოველი შემოსვლა კლასში თავისუფალ საათებში, რაც ასე უყვარდა მას, ასაკისთვის შესაფერი ზნეობრივ-აღმზრდელობითი ხასიათის საუბრები მხატვრული იმპროვიზაცია იყო. ი.ოცხელი კარგად იცნობდა მოსწავლის პიროვნებას, მის მდგომარეობას, მის ქცევას, ამიტომ მისი ყოველი დარიგება გულში ჩამწვდომი იყო., ვგრძნობდით და ვხვდებოდით, თუ ვისზე ლაპარაკობდა, ან როგორ უნდა მოვქცეულიყავით მომავალში. მისი ლამაზი თვალტანადობა, მისდამი მოკრძალებასა და ღრმა პატივისცემას აღძრავდა.

სილოვან ხუნდაძე

დიდია დირექტორის მოადგილის, ს.ხუნდაძის, ღვაწლი და დამსახურება ქართული ენის დამკვიდრების მხრივ არამარტო სასწავლებელში, არამედ ოჯახებშიც და საზოგადოებაში. მისი საუბრები ქართული მწერლობისა და ქართველი მწერლების შესახებ, რომლებიც მისივე ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა ჩვენს შორის, ერთადერთი ხელმოსაკიდი საშუალება იყო იმ დროს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მწერლობის შესასწავლად. მაგრამ სილოვანის გავლენა სცილდებოდა, რასაკვირველია, სკოლის ფარგლებს. ცნობილია მისი მომთხოვნელობა, რომ ქართულ ენას საპატიო ადგილი ჰქონოდა ჩვენს ცხოვრებაში. იგი ვერ ითმენდა ქართული ენის დამახინჯებას, მის განდევნას საზოგადოებრივი ცხოვრების საქმიანობიდან. მე ხშირად გამიგონია ჩვენი ინტელიგენტი მოხუცი მანდილოსნების სიტყვები: რა ვქნა, მართლა მეშინია სილოვანთან საუბარი, ეგებ რამე ქართულად ისე ვერ ვთქვა, როგორც საჭიროა.
ცნობილია სერგო ერისთავის ნაამბობი: თურმე გიმნაზიაში მოვიდა სილოვანზე განაწყენებული მშობელი, რომლის ვაჟს ქართულ ენაში ცუდი ნიშანი ჰქონია. Eებრაელი ვაჭარი გაცხარებით საყვედურობდა, რა გააჭირა საქმე ამ სილოვანმა, ჩემს ვაჟს სულ ,,პიატები” და ,,ჩეტვიორკები” აქვს ,,პოვედენიაში” და სხვა საგნებში მას კი ,,გრუზინსკში” დვოიკა დაუწერია. უსმინა ს. ერისთავმა გაჯავრებულ მშობელს და ურჩია: წადი, ბიძია, არ გაეკარო ახლოს სილოვანს შენი ჩიქორთულით, მე ცოტა რუსთაველის ენით ველაპარაკები და მაინც არაფერი გამომივიდა, გარეთ გამაგდო და შენ კი უარესი მოგივაო.
როდესაც გერმანული ენის მასწავლებელმა კურტანოვიჩმა ქართულ ენას ,,სობაჩი იაზიკ” უწოდა, რამაც ქარიშხალი გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში, სილოვანმა მაშინდელ პეტერბურგის გაზეთ ,,რეჩში” დაბეჭდა შესანიშნავი სტატია ქართული ენისა და მწერლობის შესახებ. ჩვენ, მოსწავლეები, რასაკვირველია, გატაცებით ვკითხულობდით ამ ნაშრომს, მოგვწონდა სილოვანის რუსულად დაწერილი სტატია. ჩვენს სიხარულს გამოეხმაურა ი.ოცხელიც და ხუმრობით გვითხრა: აბა, ხომ არ გეგონათ, რომ სილოვანმა რუსული არ იცოდაო!
თავისი კეთილშობილი ქართველობით, პირადაპირობითა და შეუდრეკელობით მისაბაძი და სამაგალითო იყო სილოვანი. მან არ იცოდა, რა იყო დათმობა და დამარცხება. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ სამი წლის განმავლობაში სამსახურიდან დათხოვილი იყო, იმიტომ, რომ ბოდიში არ მოიხადა სასწავლო ოქლის მიერ გამოგზავნილი კორიცკის წინაშე.
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი
ევსევი მიქელაძე იგონებს თავის პირველ დამრიგებელს, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს, როგორც ამ ღირსეული პლეადის წარმომადგენელს, დიდი ერუდიციის მქონე პედაგოგს, უაღრესად კეთილშობილ ადამიანს და მრავალმხრივ საზოგადო მოღვაწეს. იგი ევსევის მასწავლებელი და პირველი კლასის ხელმძღვანელი იყო. ასწავლიდა რუსულ ენას შემდგომ უფროს კლასში. მიქელაძე იგონებს: ,,დამამთავრებელ სიმწიფის ატესტატის მისაღებ გამოცდას კავკასიის სასწავლო ოლქის წსარმომადგენელიც კი ესწრებოდა, რომელიც მოწადინებული იყო, რაც შეიძლება ბევრი მოწაფე ჩაეჭრა რუსულ ენასა და ლიტერატურაში. როგორც წამყვანი საგნის მასწავლებელს და ჩვენს დამრიგებელს (ეს შემდეგ შევიტყვეთ), ბევრი დავა და კამათი ჰქონია, რათა დაეცვა ჩვენი წერითი ნაშრომები და უფლება გვქონოდა შემდგომ გამოცდაზე დასწრებისა.
ფილოლოგიური დისციპლინების კვლევის სფეროში გიმნაზიელი ევსევი მიქელაძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებით. რუსულ ლიტერატურაში გამოსაშვებ გამოცდებზე შესრულებული საკონტროლო ნაშრომი, თემაზე: ,,რით არის შვენთვის მნიშვნელოვანი ობლომოვის სახე?”(ხელმძღვანელი ალ. გარსევანიშვილი) შეფასდა უმაღლესი ნიშნით და 1911 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა კავასიის სასწავლო ოლქის სამასგვერდიან ,,ანგარიშებში”. თემას წამძღვარებული აქვს ვრცელი გეგმა. შესავალში დახასიათებულია რუსული რეალისტური მწერლობა, ამასთან გაანალიზებული არის უმთავრესი ფაქტორები, რომლებმაც ობლომოვის სულიერი სამყარო ჩამოაყალიბეს. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დასაღუპავად განწირული ,,ობლომოვშჩინა” უმძიმეს ტვირთად აწვა რუსულ ყოფას.
მიქელაძე მადლიერების გრძნობით იგონებს ალ. გარსევანიშვილის პედაგოგიურ მიდგომებს და მეთოდებს. მაგ. თუ გარსევანიშვილი მოსწავლისათვის ფიქრობდა უმაღლესი ნიშნის დაწერას, იგი არ კმაყოფილდებოდა ჩვეულებრივი კითხვა-პასუხებით. წერითი ნაშრომის შეფასებისას განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა კარგ გეგმას და მისთვის ჩვეულებრივი ხუმრობით მიუთუთებდა ნაკლზე.
ბუნებით ხალისიანს და მხიარულს უყვარდა ხუმრობა, სხვადასხვა შემთხვევის გროტესკურად გადმოცემა. ის ირგვლივ თავმოყრილი ამხანაგები გულიანად იცინოდნენ. სხვათა შორის ეს ჩვენც გვშველიდა.. როდესაც მკაცრი ქორებული თვალებით ჩვენზე დამიზნებული ოლქის წარმომადგენლები ვერ შორდებოდნენ მის საამხანაგოს, საშუალება გვქონდა ერთმანეთს დავხმარებოდეთ.
გულკეთილ და კეთილშობლ ალექსანდრეს არ ცოდნია გაბრაზება, გაჯავრებაც კი არ ეხერხებოდა თურმე. თავისი მშვიდობიანი ბუნებით, კეთილმოპყრობით შეაგნებინებდა დამნაშავეს თავის ცოდვას და გამოასწორებდა.
მიქელაძე მიხსენებს ერთ შემთხვევას რუსული ენის გაკვეთილზე. ,,მე7-თუ მე-8 კლასის მოსწავლეები ვიყავით, შემოვიდა ინსპექტორი ს. ხუნდაძე რაღაც საქმისათვის, დაინახა, ერთი მოსწავლე, კვინიხიძე, რომელიც მან წინა დღეებში კლასიდან გააძევა. ხუნდაძე შეეკითხა გარსევანიშვილს ქართულად: ეს ყმაწვილი კვინიხიძე, ჩემს გაკვეთიულებს რატომ არ ესწრებაო? Aალექსანდრე რუსულად შეეკითხა მოწაფეს, (საერთოდ გაკვეთილზე რუსულად ლაპარაკობდა). კვინიხიძე წამოდგა და ქართულად უპასუხა, ბატონმა სილოვანმა მითხრა, ჩემს გაკვეთილებზე აღარ დაგინახოო. ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი, რომ ყველას გაეცინა, გაეღიმა ულვაშებში სილოვანსაც და უთხრა: რაღა ეს დამიჯერე მაინდამაინც, რაც გითხარი, ის შეგესრულებიაო?! ,,извинис, Квинитадзе!’’- უთხრა გარსევანიშვილმა და ამით დამთავრდა ყველაფერი. თუმცა კვინიტაძე დიდი ბეჯითი მოსწავლე არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ მასა და სილოვანს შორის უსიამოვნება არ მომხდარა.
კლასელებიპირადი ეპისტოლარული ლიტერატურიდან ირკვევა, რომ ე.მიქელაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაუმთავრებია 1911 წელს, მისი კლასელები ყოფილან: ვასო ქაჯაია, იონა არსენიშვილი, ვალ. პაიჭაძე, ფუთუშა ფუთურიძე, გრიშა ბარათაშვილი, კოლია ღოღობერიძე, შალვა ხუნდაძე, ჟარნა ლეჟავა, ელიზბარ შურღაია, აკაკი მგალობლიშვილი ნიკოლოზ გვეტაძე. ,,კოწია გამსახურდია – ჩვენზე უკან იყო ერთი კლასით – წერს უკვე ხანდაზმულობაში ნიკოლოზ გვეტაძე ევსევი მიქელაძეს, - ამჟამად კი მთელი ეპოქით აგვცდა ზევით’’ .აქედან მასწავლებლებად დაუბრუნდნენ მშობლიურ სასწავლებელს ტ.ხუნდაძე, ე.მიქელაძე, ს.შარაძენიძე, გ.ახვლედიანი, აკ. ფაღავა.1911 წელს ევსევი მიქელაძემ გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.
ისევ მოგონებებიდან:
ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გამოსაშვები გამოცდები დამთავრდა, შედგა პედსაბჭო და გიმნაზიის დამთავრების ადესტატები მოგვანიჭეს.
ჩვენი გამოცდები შედარებით უინციდენტოდ დამთავრდა სხვა წლებთან შედარებით, რადგან ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის წარმომადგენლად დანიშნული იყო მეტად კეთილშობილი, ქართველების მოყვარული და პატივისმცემელი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ლევ იოსების ძე სემიონოვი, ჩვენი დირექტორის იოსებ ივანეს ძე ოცხელის ამხანაგი და მეგობარი გიმნაზიიდან და უნივერსიტეტიდან. იგი არ ჰგავდა სხვა შავრაზმელ, არარუსი ,,ინოროდცების” მოძულე, უსულგულო, გაბოროტებულ ჩინოვნიკებს. ამ სემიონოვის კეთილშობილებისა და ოცხელთან მისი მეგობრობის მაგალითია ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც მე-6 კლასში სწავლის დროს მომხდარა. ერთხელ თურმე გიმნაზიას ესტუმრა კარიერისტი და თავხედი სასწავლო ოლქის მზრუნველი რუდოლფი, მას თან ახლდა ეს სემიონოვი და სხვა დამხმარე რევიზორები. ,,შემოვიდნენ მეექვსე კლასში - იგონებს ევსევი - გეომეტრიის გაკვეთილი გვქონდა, გვასწავლიდა დირექტორი ოცხელი. რუდოლფმა შემოსვლისთანავე ერთ ჩემს ამხანაგს, დავით სემიონის ძე მხეიძეს, დასამტკიცებლად რაღაც თეორემები მისცა, თვითონ კლასის შუაგულში შემოიჭრა და რვეულების თვალიერება დაიწყო. თეორემები რთული იყო და ზუსტ გამოსახვას მოითხოვდა. მხეიძემ ზუსტად ვერ გამოიყვანა.. სემიონოვი ზურგით დაფისკენ მიბრუნდა, მარჯვენა ხელით დაფაზე გამოსახულებაზე მიუთითა და გაასწორებინა. რვეულების საჩქაროდ გადათვალიერების შემდეგ რუდოლფი შებრუნდა და დაფას მიაჩერდა, ყველაფერი კარგად და ლამაზად იყო შესრულებული!
გიმნაზიის დამთავრების დღეს, ამხანაგები სკოლის ეზოში მდგარან და მომავალ მიზნებზე საუბრობდნენ. აბიტურიენტთა ჯგუფთან სილოვანი მისულა და მომღიმარი საუბარში ჩარეულა: უკითხავს, ვინ სად ფიქრობდა სწავლის გაგრძელებას.. ერთს-ერთი მათგანისთვის, სანდრო ცქიტიშვილისთვის, რომელზედაც უკმაყოფილო ყოფილა, უკითხავს: ალექსანდრე,შენ, ალბათ, სტუდენტის ქუდი უკვე შეკვეთილი გექნებათ. სანდრო, როგორც ჩვეულება ჰქონდა, მხედრულად გამოჯგიმულა და უთქვამს: რას მლანძღავთ, ბატონო სილოვან, სტუდენტის ქუდი რად მინდაო! სილოვანმა გაკვირვებით შეხედა თურმე, ვერ გაეგო, რაში იყო საქმე. ბავშვებმა წამოიძახეს: ბატონო სილოვან, ცქიტიშვილი სამხედრო სასწავლებელში შედის, კავალერისტი უნდა გახდეს! -Hოო, ალბათ დამსჯელ რაზმს გამოუძღვებით, - უთქვამს სიცილით სილოვანს. ალექსანდრე არ დაბნეულა: აბა, რაც სისხლი გაგვიშვრეთ, არ ავიღოო?!; ყველას სიცილი აუტყდა, გულიანად იცინოდა თურმე სილოვანიც, რაც მისთვის საერთოდ არ ყოფილა დამახასიათებელი. ცქიტიშვილი კი მართლაც კავალერისტი გამხდარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий